არქიტექტურა აჭარა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს აღმშენებლობით საქმიანობაში. სწორედ ამაზე მეტყველებს აჭარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ციხესიმაგრეების, საკულტო ნაგებობებისა და ქვისთაღოვანი ხიდების ნაშთები. ვინაიდან აჭარა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენდა, იყო მოთხოვნა გამაგრებითი, თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობისა. ასეთია გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე, პეტრასა და ხიხანის ციხეები. ბათუმის აღმოსავლეთ შესასვლელში მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა სანაპიროსთან მდებარეობს ბათუმის, ანუ თამარის უძველესი ციხე-სიმაგრე. ამ ადგილებში არქეოლოგიური გათხრები ყოველწლიურად მიმდინარეობს. ამავდროულად, აჭარაში მრავლადაა გვიანი შუა საუკუნეების ციხეები (გულების, ზენდიდის, ბეგოშვილების, კავიანის, ჩხუტუნეთის და სხვა ციხეები). ოსმალთა ხანგრძლივი ბატონობის დროს მრავალი ტაძარი დაინგრა, გადარჩენილ ეკლესიებს შორის გამოირჩევა სხალთის მონასტერი ხულოში.
საპორტო ქალაქად გადაქცევის შემდეგ ბათუმში განსაკუთრებით მომრავლდა არქიტექტურულად მდიდარი შენობები, ისეთები როგორიცაა ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (ყოფილი კათოლიკური ეკლესია), ბათუმის ფოსტის შენობა, ზღვისპირა ბულვარის კოლონადები, არქიტექტორთა სახლი, საზაფხულო თეატრი. ქალაქის განაშენიანების პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპელი არქიტექტორებიც. ძველი ქალაქი ძირითადად ორ და სამ სართულიანი შენობებით გამოირჩეოდა, ამავდროულად თითოეული შენობის არქიტექტურული იერი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ქალაქის იერსახეს. იგივე ტენდეცია შეინიშნება თანამედროვე ბათუმის არქიტექტურაშიც. ახალი არქიტექტურული ნიმუშები - ანბანის კოშკი, ბათუმის იუსტიციის სახლი, სასტუმრო რედისონი თუ ახალი საცხოვრებელი კომპლექსები მართლაც რომ გამოირჩევიან თანამედროვეობითა და ორიგინალობით. სამომავლოდ რეგიონში არაერთი თანამედროვე არქიტექტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
არქეოლოგია
აჭარა არქეოლოგიური თვალსაზრისით საკაცობრიო ცივილიზაციის მეტად საინტერესო რეგიონთა რიცხვს განეკუთვნება. პირველი დასახლებები ძველი ქვის ხანიდან გაშენებულა. როგორც ზღვის პირა ზოლში, ასევე მთიანეთში მრავლადაა აღმოჩენილი ახალი ქვის ხანის ძეგლები. ამ მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ ძველი აღმოსავლეთის, ბალკანეთის, ეგვიპტისა და ჩინეთის მსგავსა და ადრეული ეპოქებიდან (ძვ. წ. VIII-VII ათასწლეულები) ჩვენს მხარეშიც დაწყებულა მითვისებითი მეურნეობიდან მწარმოებლურ, კულტურულ მეურნეობაზე გადასვლა. ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. V-III ათასწლეულები) სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მისი უმთავრესი არტერია ჭოროხის აუზი შედიოდა მსოფლიოს უძველესი მეტალოგენური კერების (კარპატები, ურალი, ტიან-შანი და სხვ.) რიცხვში. შუა ბრინჯაოსა და გვიან ბრინჯაოს ადრეული ეტაპისათვის (ძვ. წ. II ათასწლეული) ეს მხარე იქცა ტომობრივი კოლხური კულტურის სამშობლოდ.უძველეს სახელმწიფოებრივ გაერთიანებებთან დიაოხსა და კოლხასთან უნდა იყოს დაკავშირებული ბერძნული მითი არგონავტების შესახებ. მდიდარი არტეფაქტებია გამოვლენილი ჩვენს ტერიტორიაზე რკინის მეტალურგიის უძველესი კერების ძიების მიზნით (ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი). არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ აქ მოსახლე ხალხებმა დიდი წვლილი შეიტანეს კოლხეთის სამეფოს ფორმირებაში, ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სულიერი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით მდიდარი მასალაა მოპოვებული ბერძნულ და რომაულ სამყაროებთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კვლევისათვის. ჩვენი მუზუემის ფონდებში დაცულია კოლხური თუ უცხოური სამეთუნეო ნაწარმის, ტორევტიკის, საიუველირო ხელოვნების-ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, სხვადასხვა სახის ფერადი მინის ჭურჭლის, ადგილობრივი და უცხოური მონეტების მდიდარი კოლექციები, ასევე მომდევნო ეპოქების- ადრეული განვითარებული და გვიან შუა საუკუნეების ნივთიერი კულტურის ძეგლებიც.
ხელოსნობა აჭარის სამეურნეო და საზოგადოებრივ საქმიანობაში დიდი როლს თამაშობდა ხელოსნობა, მიწათმოქმედება და სამეწარმეო მეურნეობის სხვადასხვა დარგები. ხელოსნობის უმთავრეს დარგებს წარმოადგენდა ხალხური მეტალურგია და მჭედლობა, ხისა და ქვის დამუშავება, თიხის ნაკეთობათა დამზადება, ფეიქრობა და სხვა. განვითარებული იყო საოჯახო დანიშნულების შინამრეწველური დარგები. XIX საუკუნის მეორე ნახევრის მონაცემებით, სამჭედლო-სახელოსნო ცენტრები თავმოყრილი ყოფილა ხულოში, დიდაჭარაში, ჭვანაში, მარითის, უჩამბის, სხალთის, მაჭახლის ხეობებში, ქალაქ ბათუმში. მზადდებოდა მრავალფეროვანი სამეურნეო დანიშნულების რკინისა და ფოლადის ნაწარმი: ცელ-ნაჯახები, წალდები, თოხები, სახნისები, ცულები, ხერხები, საჭრის-საჭრეთლები, კარ-ფანჯრის ჩამოსაკიდებლები, სამშენებლო ლურსმანი, ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღები. ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღები სამჭედლო ხელოსნობის ცალკე დაწინაურებული დარგი იყო, რითაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა მაჭახლის ხეობა და ქვედა აჭარა (მაჭახელას თოფი).
ხელოსნობის განვითარებულ დარგს ხის დამუშავება წარმოადგენდა. აღსანიშნავია აჭარული ფიცრული სახლი, რომელიც ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული. საუკეთესო სახლების ინტერიერი და ექსტერიერი ძირითადად მოჩუქურთმებული ყოფილა. ხითხუროობის ძველი ტრადიციები კარგადაა შემონახული ხის მეჩეთებში, რომლებიც განიხილება, როგორც ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ღირებულების მქონე მატერიალური კულტურის ძეგლები. მეჩეთების შემკულობაში გამოყენებულია ქართული ორნამენტის ნაირ-სახეობანი, მათ შორის იმ ორნამენტისა, რომელიც ეკლესია-მონასტრებზეა გამოსახული.
აჭარაში ხელოსნობის ყველაზე უძველესი და ფართოდ გავრცელებული დარგი კერამიკული წარმოება ყოფილა. არქეოლოგიური მასალების მიხედვით, კერამიკული წარმოების ტრადიციები განსაკუთრებით განვითარებული ყოფილა მახვილაურისა და ქობულეთის ტერიტორიებზე. თიხის ჭურჭელთან ერთად მზადდებოდა სხვადასხვა ტევადობისა და ფორმის ქვევრები, სამშენებლო კერამიკული ნაწარმი (კრამიტი, აგური, მილები), თიხის კეცები და ა.შ.
აჭარა საქართველოს იმ რეგიონს წარმოადგენს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური ფეიქრობის ჩასახვა-განვითარებში. რთვა-ქსოვასთან დაკავშირებული ნაკეთობანი (თიხის კვირისტავები, საწაფები, ქსოვილიანი კერამიკის ფრაგმენტები) აღმოჩნდა წინაანტიკური და ანტიკური ხანის ფიჭვნარის ნაქალაქარზე. აჭარის ეთნოგრაფიული მონაცემებით, წარსულში მხოლოდ სელის, აბრეშუმის, შალის და კანაფის ქსოვილებისაგან დამზადებული ტანისამოსით იმოსებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. აქ დამზადებული საფეიქრო ნაწარმი ორიგინალური ნიშნით გამოირჩეოდა. ქართველი, რუსი თუ ევროპელი მოგზაური მკვლევარები საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ აჭარელთა ჩაცმულობას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უხეში ქსოვილისაგან მზადდებოდა, იყო კოხტა და მოქნილი. ამგვარად, ხელოსნობა აჭარაში, რომელიც სათავეს იღებს ნეოლითიდან, თითქმის ყველა უმთავრესი დარგით (ხისა და ქვის დამუშავება, მჭედლობა, მეთუნეობა, ფეიქრობა) იყო წარმოდგენილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
თეატრი
აჭარა ერთ-ერთი უძველესი თეატრალურ-სანახაობითი კულტურის რეგიონია საქართველოში. ბათუმთან ახლოს აღმართულია ციხე-სიმაგრე გონიო, ასპარი ანუ „აპსარუტინი", რომელიც იყო კოლხიდის ერთი უძველესი ქალაქთაგანი ჩვენს ერაში (ს. ჯანაშია). მეექვსე საუკუნეში თეატრის მხოლოდ ნანგრევები უხილავს ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოფი კესარიელს, რომლის ცნობით გონიო ოდესღაც „შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით".
ფესტივალები აღსანიშნავია, რომ აჭარის ყველა კუთხეში პერიოდულად იმართება ტრადიციული ღონისძიებები და ფესტივალები, რომლებიც საინტერესოა როგორც უცხოელი, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრებისათვის, რადგანაც ისინი ნათლად ასახავენ აჭარის რეგიონის ადათ-წესებს, ტრადიციებსა თუ ცხოვრების სტილს. ტრადიციული დღესასწაულებიდან გამოირჩევა: „შუამთობა", „კოლხობა", „შემოდგომა ქედაში", „ტბელობა", „მაჭახლობა", „სელიმობა", „გომარდულობა", „მერისობა" თუ სხვა.